IDFI-მ პროკურატურის ბინასთან დაკავშირებით საეჭვო გარემოებები გამოავლინა

IDFI მედიაში 2 მაისი 2014

არასამთავრობო ორგანიზაცია IDFI-მ მთავარი პროკურატურის მფლობელობაში არსებულ ბინასთან დაკავშირებით საეჭვო გარემოებები აღმოაჩინა.

როგორც ორგანიზაციის განცხადებაშია ნათქვამი, „ფართის მფლობელის ვინაობა და ისტორია ბადებს ეჭვებს იმასთან დაკავშირებით, რომ საქმე გვაქვს სავარაუდო ზეწოლასთან და სახელმწიფო ქონების არაკეთილსინდისიერ გამოყენებასთან“.

IDFI -ის ინფორმაციით, ბინის მოსარგებლეს კვლავ საქართველოს მთავარი პროკურატურა წარმოადგენს.

ორგანიზაცია ინტერესედება ვინ იყენებს ამ დროისთვის აღნიშნულ ბინას და რა იგეგემება მასთან დაკავშირებით.

„საქართველოს პროკურატურის ვებ-გვერდზე პროაქტიულად გამოქვეყნებულ საჯარო ინფორმაციიდან IDFI-თვის ცნობილი გახდა, რომ 2010 წელს სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადაეცა გუდაურში არსებული ერთ-ერთი ბინა, 79,50 კვ.მ საცხოვრებელი ფართით. IDFI დაინტერესდა აღნიშნული შემთხვევით და შეეცადა გაერკვია, თუ რა ედო საფუძვლად სახელმწიფოსთვის ბინის ჩუქებას და რა მიზნებით აპირებდა სახელმწიფო უსასყიდლოდ შეძენილი ქონების გამოყენებას.

აღნიშნული საკითხების გასარკვევად IDFI-მ მიმართა ეკონომიკის სამინისტროს და გამოითხოვა ბინის უსასყიდლოდ გადაცემის ხელშეკრულება და სხვა შესაბამისი დოკუმენტაცია. როგორც მიღებული დოკუმენტებიდან ირკვევა, 2010 წლის 15 აპრილს გაფორმდა ხელშეკრულება მოქალაქე ირაკლი ენუქიძესა და ეკონომიკის სამინისტროს შორის. ხელშეკრულების მიხედვით ყაზბეგის რაიონში, სოფელ გუდაურში ირაკლი ენუქიძის მფლობელობაში არსებული შენობა-ნაგებობის მე-4 სართულზე ბინა №69-ი 79,50 კვ.მ საცხოვრებელი ფართი და მასზე წილობრივად დამაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი უსასყიდლოდ გადაეცა სახელმწიფოს.

როგორც საჯარო რეესტრის ონლაინ ბაზიდან ირკვევა, აღნიშნული ბინა პირველად 2010 წლის 6 აპრილს დარეგისტრირდა დიმიტრი ქიტოშვილის სახელზე, ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა „ბიდარა“-ს დამფუძნებელთა კრების ოქმის, №090456695, 01/09/2009 შესაბამისად. 2010 წლის 12 აპრილის ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად ბინა გადაეცა ირაკლი ენუქიძეს. ხოლო უკვე 15 აპრილს, როგორც ზემოთ არის ნახსენები, გაფორმდა ხელშეკრულება ბინის სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ გადაცემის თაობაზე. აქვე შეგახსენებთ, რომ დიმიტრი ქიტოშვილი, რომელიც 2004-2007 წწ. კომუნიკაციების ეროვნულ მარეგულირებელი კომისიის ხელმძღვანელი, შემდეგ კი პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი იყო, ირაკლი ოქრუაშვილის საქმესთან დაკავშირებული გამოძალვის ბრალდებით დააკავეს 2007 წელს. ყოფილი თავდაცვის მინისტრის წინააღმდეგ მიცემული ჩვენების შემდეგ ის გაათავისუფლეს, თუმცა 2012 წელს მან განაცხადა, რომ მიცემული ჩვენებები მასზე თანამდებობის პირების ზეწოლის შედეგი იყო.

მიღებული დოკუმენტებით ირკვევა, რომ უკვე 2010 წლის 21 აპრილს საქართველოს მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ დავით საყვარელიძემ წერილით მიმართა საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის პირველ მოადგილეს ბატონ გრიგოლ გობეჯიშვილს თხოვნით, რომ აღნიშნული ბინა გადაეცეს საქართველოს მთავარ პროკურატურას.

აღნიშნული ინფორმაციის მიღების შემდეგ IDFI-მ მიმართა საქართველოს მთავარ პროკურატურას და გამოითხოვა ინფორმაცია ბინის სარგებლობის უფლებით გადაცემის საფუძვლების შესახებ, ასევე გადმოცემის მოთხოვნის მიწერილობის ასლების და აღნიშნული ფართის გადმოცემის საჭიროების შესახებ შიდა წარმოების მოხსენებითი ბარათების ასლები. საქართველოს პროკურატურიდან მიღებული დოკუმენტებით ირკვევა, რომ დავით საყვარელიძის წერილის საპასუხოდ ბატონმა გრიგოლ გობეჯიშვილმა მიწერა საქართველოს მთავარ პროკურატურას, რომ ეკონომიკური განვითარების სამინისტრო თანახმაა მთავარი პროკურატურა განთავსდეს და ისარგებლოს აღნიშნული ბინით, მისი არსებობის ვადით.მთავარი პროკურორის 2010 წლის 29 აპრილის ბრძანება №46-ის მიხედვით ზემოთხსენებული ბინა აყვანილ იქნა მთავარი პროკურატურის ბალანსზე.

ამასთან, როგორც საქართველოს მთავარი პროკურატურიდან მიღებული ინფორმაციით გახდა ცნობილი, 2013 წლის 25 იანვარს საქართველოს მთავარ პროკურატურას წერილით მიმართა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ დიმიტრი ქუმსიშვილმა. წერილში ნათქვამი იყო, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო აპირებდა გუდაურში მდებარე ბინის პრივატიზებას, რასთან დაკავშირებითაც ითხოვდა პასუხს აღნიშნულ ქონებაზე მთავარი პროკურატურის სარგებლობის უფლების გაუქმების თაობაზე. 2013 წლის 1 თებერვლის პასუხით საქართველოს მთავარი პროკურატურა დათანხმდა ბინის გადაცემას, ხოლო საქართველოს მთავარი პროკურატურის 2013 წლის 15 თებერვლის ბრძანება №19-ის მიხედვით აღნიშნული ბინა მოხსნილ იქნა მთავარი პროკურატურის ბალანსიდან.

2014 წლის 1 აპრილს IDFI-მ გამოითხოვა ინფორმაცია სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოდან ბინის ამჟამინდელ სტატუსთან დაკავშირებით. კერძოდ, ირიცხება თუ არა ბინა სააგენტოს ბალანსზე; თუ ირიცხება იგეგმება თუ არა უახლოეს მომავალში გასხვისება; ხოლო თუ არ ირიცხება ვისზე გასხვისდა და რა პირობებით. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოდან მიღებული ინფორმაციით, ბინის მოსარგებლეს კვლავ საქართველოს მთავარი პროკურატურა წარმოადგენს. უნდა აღინიშნოს, რომ სააგენტოდან მიღებული ინფორმაცია ეყრდნობოდა ძველ ამონაწერს (06/07/2010), ხოლო ბინის საკადასტრო კოდის ცვლილების შემდეგ გამზადებული ახალი ამონაწერის მიხედვით (06/03/2013) მხოლოდ ის ირკვევა, რომ ბინა ჯერ კიდევ სახელმწიფო საკუთრებაშია, ხოლო მოსარგებლეს შესახებ ინფორმაცია მითითებული არ არის. გაურკვეველი რჩება, ვინ სარგებლობს დღესდღეობით კერძო პირის მიერ სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ გადაცემული ბინით გუდაურში და რა იგეგმება აღნიშნულ ქონებასთან დაკავშირებით.

სამწუხაროდ, ჩვენ ვერ შევძელით გაგვერკვია, თუ რა დანიშნულებისთვის გადაეცა საქართველოს მთავარ პროკურატურას საცხოვრებელი ფართი გუდაურში და ვინ სარგებლობდა ამ ბინით. მიუხედავად აღნიშნულისა, ფართის მფლობელის ვინაობა და ისტორია მართლაც ბადებს ეჭვებს იმასთან დაკავშირებით, რომ საქმე გვაქვს სავარაუდო ზეწოლასთან და სახელმწიფო ქონების არაკეთილსინდისიერ გამოყენებასთან. იმედს გამოვთქვამთ, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურა განმარტავს ამ საკითს, პირველ რიგში კი იმას, თუ რისთვის სჭირდებოდა პროკურატურას საცხოვრებელი ფართი გუდაურში და რა დანიშნულებით გამოიყენებოდა ის“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

იხილეთ ბმული

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

შსს-ს კვებით მომსახურების ტენდერში შპს “ჰოსპიტალს ქეთერინგს სისტემსი” იმარჯვებს

26.12.2024

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024
განცხადებები

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024